logo
ENG



აქტივისტებს პოლიციამ ივანიშვილის სახლთან, კედელზე წარწერების გაკეთებაში ხელი შეუშალა

07 მარ 202115:22
3 წუთის საკითხავი
 

ბიძინა ივანიშვილის სახლთან ხმაურია.

ადგილზე ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებსა და სამოქალაქო აქტივისტებს პოლიციის თანამშრომლებმა კედლებზე წარწერების გაკეთების შესაძლებლობა არ მისცეს.

ამასთან, პოლიციელები აქციის მონაწილეებს ივანიშვილის რეზიდენციის შესასვლელთან მისვლის საშუალებასაც არ აძლევენ.

მოქალაქეების მსვლელობა რეზიდენციისკენ მას შემდეგ დაიგეგმა, რაც გუშინ, 6 მარტს, ფარული აუდიო ჩანაწერები გავრცელდა. ჩანაწერებში სავარაუდოდ, ბერა ივანიშვილი, პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი და სდსს-ს უფროსი ანზორ ჩუბინიძე სკოლის მოსწავლეებზე ძალადობას ათანხმებენ.

აქტივისტები პრემიერმინისტრის გადადგომას და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნას ითხოვენ.

რეზიდენციისკენ მსვლელობისას ცოტა ხნის წინ მცირე ინციდენტი მოხდა. გზაზე მიმავალი ავტომობილიდან უცნობი პირი გადმოვიდა და აქციის მონაწილეებს დაუპირისპირდა, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა დაპირისპირების მიზეზი.

ტვ პირველის გადაცემაში ნოდარ მელაძის შაბათი, სატელეფონო საუბრის ჩანაწერი გავრცელდა, რომლის მიხედვითაც, ქართული ოცნების ყოფილი თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ვაჟი ბერა და ქვეყნის მოქმედი პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი Facebook-კომენტარის გამო სკოლის მოსწავლეზე განხორციელებულ ძალადობრივ ანგარიშსწორებას განიხილავენ.

ჩანაწერი მოიცავს კიდევ რამდენიმე საუბარს ბერა ივანიშვილსა და ღარიბაშვილს შორის, რომელშიც მონაწილეები ბერას შეურაცხყოფის გამო მსგავსი ანგარიშსწორების რამდენიმე შემთხვევას იხსენებენ და განიხილავენ.

ჩანაწერში ბერა ივანიშვილი ელაპარაკება სახელმწიფო დაცვის სამსახურის უფროსს, ანზორ ჩუბინიძეს. ირკვევა, რომ ის ბერას მითითებებს ასრულებდა და არასრულწლოვნებს, რომლებიც ივანიშვილს მისთვის მიუღებლად მოიხსენიებდა, პირადად ემუქრებოდა. 

ქართულ ოცნებას არ უარუყვია, რომ ჩანაწერი ავთენტურია, ისინი აქცენტს საუბრის დროზე აკეთებენ და ამბობენ, რომ ის 2010-2011 წლებშია გაკეთებული. 


close დახურვა